საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით -ხმელთაშუას ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.

საქართველო ჩ.გ. 41°07' და 43°35' და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის მდებარეობს.


გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთის.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.